28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
დაბალი საარჩევნო ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები - კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია სამოქმედო გეგმას სახავს

კონსულტაციების პირველი რაუნდი ოპოზიციურ პარტიებს შორის - დღეს ლიდერები პარლამენტში ბარიერის საკითხზე საკუთარი პოზიციების შესაჯერებლად და გეგმის გასაწერად შეიკრიბნენ. პარტია "მოქალაქეები", "ლელო" და "რეფორმების ჯგუფის" წევრები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ 2 პროცენტიან ბარიერს, თუმცა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები აქვთ. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს შეხვედრას არ დასწრებია.

"ამ შეხვედრაზე ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა, ვის რა დამოკიდებულებაც აქვს. ყველა ვთანხმდებით, რომ დაბალი ბარიერი, სრულად პროპორციული არის მნიშვნელოვანი არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის, პლურალისტური გარემოს შექმნისთვის. იცით, რომ ჩემი დამოკიდებულება რიგგარეშე არჩევნების მიმართ არ მოდის თანხვედრაში "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციასთან, არ მიმაჩნია ეს ნომერ პირველ საკითხად, ნომერ პირველ საკითხად მიმაჩნია უფრო მყარი და მოქნილი გარემოს შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის,"- აცხადებს "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პლურალისტური გარემოს შექმნისთვის. 

"ჩვენთვის პრინციპულია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც წინ უძღოდა სერიოზული მოლაპარაკებები არამხოლოდ შარლ მიშელის ჩართულობით, ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგაც, ჩვენ შევიკრიბეთ და ოპოზიცია და ხელისუფლება შევთანხმდით, რომ პროკურორის საკითხის ამოღების შემდეგ, არ შეიცვლებოდა სხვა საკითხები. სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც არ დაიცვა საკუთარი სიტყვა "ქართულმა ოცნებამ". მაგრამ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაა. მრავალპარტიულობა თუ გვინდა, კოალიციურობა თუ გვინდა, საკონსტიტუციო ცვლილებები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. 

"ეს პრინციპული საკითხია, რომ შენარჩუნებული იყოს ზუსტად იმ ფორმულირებით საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ის მიღებულ იქნა პირველი მოსმენით. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ყველა ოპოზიციურ ძალასთან იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა გუშინ. ეს საუბრები გაგრძელდება,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ კონსულტაცია მას მერე დანიშნა, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენის დროს პროექტიდან ამოიღებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ჩანაწერს"მომდევნო არჩევნები". ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2 პროცენტიანი ბარიერის საკითხიც. განცხადება დღესვე გააკეთა კელი დეგნანმა, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს და სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება ის "პოზიტიური ნაბიჯი, რაზეც ყველა პარტია, მათ შორის, მმართველი გუნდი შეთანხმდნენ".

დღის ამბები