28 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნას, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი თეორიულადაც კი არ უშვებს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" ისაუბრა. 

მისივე თქმით, იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციამ აღარ ისაუბროს, მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი შეიცვლება:

"ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. კონსტიტუციაში მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი შეიცვლება და ჩაიწერება, რომ ბარიერი ამოქმედდება 2024 წლიდან, ამ შემთხვევაში კი, საერთოდ ეკარგება აზრი თეორიულადაც კი რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ კი, იმისათვის, რომ თეორიული საბაბიც არ დავუტოვოთ ოპოზიციას იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთოდ არ შეეხოს კონსტიტუციური ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებს.

რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს თეორიულად, ამ შემთხვევაში ეს ჩატარდება იგივე სისტემით, რაც 2020 წელს გვქონდა 1%-იანი ბარიერით, ამ შემთხვევაში კი, ეს პარლამენტი აირჩევა 2 წლის ვადით. 2022 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, 2024 წლამდე ექნება მას უფლებამოსილების ვადა. იგივე სისტემით არჩეული 2 წლიანი პარლამენტი კი, ბუნებრივია არავისთვის არ იქნება საინტერესო, მათ შორის არც ოპოზიციისთვის," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები