28 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე - რა პირობას უყენებს ოპოზიციას ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერის შეცვლისთვის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება აღარ გააჩნია და თუ რაიმე ცვლილება იქნება განხორციელებული, ეს მხოლოდ მათი კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, კერძოდ კი საარჩევნო ბარიერის შემცირებისთვის ოპოზიციას ერთგვარი პირობა წაუყენა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის ქმედებებზე და მათი მხრიდან პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

"საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქედან გამომდინარე თუ რაიმე ცვლილება იქნება მიღებული, იქნება მიღებული ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე.

მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიული სისტემის განვითარების ინტერესი, დარჩება 5%, ამოქმედდება 2% თუ გადაწყდება 3%-იანი - ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, თუ რა ჩაითვლება მიზანშეწონილად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამ მოკლევადიანი პერსპექტივისთვის. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული კონკრეტული სუბიექტების მოქმედებაზე და ამ სუბიექტებში, პირველ რიგში იგულისხმება ოპოზიციური პარტიები. განსაკუთებით საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც დღეს კვლავ ხელს უწყობენ პოლარიზაციას პარლამენტს გარეთ თუ შიგნით. როდესაც გვესმის პოლარიზაციის ხელშემწყობი საუბარი და ვხედავთ პოლარიზაციის ხელშემწყობ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია ასეთი ინიციატივის განხილვაზე და რატომ - თავისთავად შემცირებული ბარიერი არის ხელშემწყობი ფაქტორი ნაკლები სტაბილურობისთვის, თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები