28 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით უზენაეს სასამართლოში უვადოდ კიდევ 4 მოსამართლე გამწესდა

უზენაეს სასამართლოს შემადგენლობას უვადოდ დანიშნული კიდევ 4 მოსამართლე შეურთდა. პარლამენტმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.

გენადი მაკარაძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი, დღეიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები არიან.

უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის ნდობა ოპოზიციას არ გამოუცხადებია. პარტიების ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი მოსამართლეების, როგორც გასაუბრების, ასევე შემდეგ უკვე მხარდაჭერის პროცესს არალეგიტიმურს უწოდებენ.

ხელისუფლების ოპონენტები, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აყენებენ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის აუცილებლობას.

პოლიტიკურ ოპონენტების განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" ცრუ ბრალდებებია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არც ალტერნატიულ კანონპროექტებზე მსჯელობა იქნება პრობლემა, თუ ეს ოპოზიციის მხრიდან ოფიციალურად გაცხადდება. რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის არალეგიტიმურობაზე საუბარს სახელისუფლებო გუნდი ამას არასერიოზულს უწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებმა, კენჭისყრის შედეგების მიხედვით სულ მცირე 80 მომხრის მხარდაჭერა მიიღეს, მათ წინააღმდეგ კი ტაბლოზე 5 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა.

ოპოზიციის ნაწილმა "წითელი ღილაკი" იმის დემონსტრირებისთვის გამოიყენა, რომ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს ნდობას არ უცხადებენ.

ვიდრე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები უზენაეს სასამართლოს კიდევ 4 მოსამართლით დააკომპლექტებდნენ, მანამდე კანდიდატებს მხარდაჭერა იურიდიულ კომიტეტზე გამოუცხადეს. სწორედ ამ კომიტეტში მიმდინარეობდა 2 დღის განმავლობაში გასაუბრების ხანგრძლივი პროცესი.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ თუ რომელიმე პარტია გასაუბრებას შეგნებულად გამოეთიშა, ეს არ ნიშნავს, რომ ის გამჭვირვალედ არ ჩატარდა ან პროცესი დააზიანა.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას გასულ კვირას არაერთი შეფასება მოყვა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდანაც.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტნიორების განცხადებები მათთვის გასაგებია თუმცა მმართველი პარტია იმ პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს, რომელიც ქვეყანაში სწრაფი მართლმსაჯულების მიღებას უზრუნველყოფს.

დღის ამბები