28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ფონიჭალა კვლავ სპეცოპერაციების ლოკაცია გახდა - პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

სოფელი ფონიჭალა კვლავ სპეცოოპერაციების ლოკაცია გახდა. პოლიცია ერთდროულად რამდენიმე სახლში შევიდა, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის სქემაში მონაწილე პირები დააკავეს, მათ შორის ორი მოზარდია.

ერთ-ერთის მამა "კურიერთან" ამტკიცებს, რომ მის 17 წლის შვილს ნარკოტიკთან არანაირი კავშირი არ ქონია, იხსენებს, რომ სამართალდამცველებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც მეგობრებთან ერთად სოფლის ცენტრში იდგა.

სამართალდამცველებმა მეორე არასრულწლოვანი საკუთარ სახლში აიყვანეს. "კურიერის" მისვლისას გაირკვა, რომ 17 წლის მოზარდის მშობლები იმ დროს შვილის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, ოჯახის ახლობლის თქმით კი, ბრალდება, რომლითაც გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცს ედავება, აბსურდულია.

ფონიჭალაში დაკავებების სერიის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა საუბარი დეტალებზე არ სურთ, კითხვაზე, იყვნენ თუ არა აქამდე 17 წლის მოზარდები მსგავს დანაშაულში შემჩნეულები და ხშირია თუ არა სოფელში არასრულწლოვანების ჩართვა ნარკოდანაშაულში, ადგილობრივები ამაზე პასუხს თავს არიდებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ორ მოზარდს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავება.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულები მხოლოდ ფონიჭალაში არ დაუკავებიათ, საგამოძიებო მოქმედებები თბილისის რამდენიმე უბანში ჩატარდა. "კურიერი" ერთ-ერთის ოჯახში მივიდა, ბრალდებულის დისთვის, როგორც თავად ამბობს, ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ მის ძმას. ქალი ყვება, რომ პოლიცია მათთან სახლში ჩხრეკაზეც იყო მისული.

ოჯახის წევრებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, 12 პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ერთი ქალი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალეულობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოხდა საკონტროლო შესყიდვა და ამ პროცესის ფარული გადაღება, კადრებში ჩანს როგორ მიყიდეს დაკავებულებმა პირს ჰეროინი, ბუპრენორფინი და ალფა, პვპ.

საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით სამართალდამაცველებმა ორ დაკავებულს პირადი ჩხრეკისას მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებები - მდმ-ს 129, ამფეტამინის 10 აბი და 19 გრამამდე კოკაინის შემცველი ნივთიერება უპოვეს. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვა რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს და სასჯელი 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები