28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ნიკა გვარამია პროკურორების მიმართ მის ნათქვამს განმარტავს

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელსაც პროკურატურა პროკურორების შეურაცხყოფაში დებს ბრალს, უწყებას პასუხობს. როგორც ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, მისი რეპლიკა პროკურორების მიმართ, ელენე თევდორაძის გამონათქვამის გამეორებას წარმოადგენდა:

"საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ.

ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები.

კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო - ანუ გაიგონა რაც ვუთხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმე პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი. თქვენ ყველანი ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად.

მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაც.

ვნახოთ, ადვოკატის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

იგივე მინდა ვაცნობო სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას და გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.

ps ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2ის 9%ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს."- წერს ნიკა გვარამია.

დღის ამბები