28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
სააკაშვილის მძიმე ბრალდების შემდეგ ვანო მერაბიშვილი "კურიერის" ობიექტივში გამოჩნდა - კიდევ ვის პასუხისმგებლობაზე ისაუბრებს ექსპრეზიდენტი

ვანო მერაბიშვილი რომელსაც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერზე მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა, დღეს "კურიერის" კამერას გაექცა, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს მედიასთან საუბარი არ სურს.

რაზეც მერაბიშვილი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს, სააკაშვილის კრიტიკის კიდევ ერთ წინაპირობად იქცა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკუთარი დანაშაულებების თანაგუნდელებზე გადაბრალებით მე-3 პრეზიდენტი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს. დეპუტატებმა დღეს არც ის გამორიცხეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია გამოაცხადოს.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებების პათოსს ნაწილობრივ საპარლამენტო ოპოზიციაშიც იზიარებენ. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილმა თავის არიდება არადამაჯერებელი მეთოდით სცადა.

კოლეგებისგან განსხვავებით ის, რომ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლის პროცესზე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო - სჯერათ "ნაციონალურ მოძრაობაში". ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებმა დღეს თქვეს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანამდებობრივი უფლებები მკვეთრად იყო გამიჯნული. პარტიაში აბსურდულს უწოდებენ სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესაც.

მესამე პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებულ პრეტენზიებს დღეს მისმა ადვოკატმაც უპასუხა. დიმიტრი საძაგლიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა აქციის დარბევისთვის პოლიტიკური საფასური წლების წინ გადაიხადა. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას, ინტერესების დამცველის აზრით, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე 2 დეკემბერს გაიმართება. დაესწრება, თუ არა ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს სხდომას ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები