28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგია შეჯერებულია - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ​ასოცირებულმა ტრიომ ინიციატივები ბრიუსელში გააჟღერა

ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა ტრიოს ფორმატის შექმნიდან 6 თვის თავზე ბრიუსელში ახალი დღის წესრიგისა და "მეტი-მეტისთვის" პრინციპის აუცილებლობაზე სასაუბროდ ჩავიდნენ.

უკვე ერთობლივად, პირველმა, ასოცირებული ქვეყნების პრემიერებს შარლ მიშელმა უმასპინძლა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ტურბულენტობაზე და სამშვიდობო ინიციატივების აუცილებლობაზეც. სამმა სახელმწიფომ მიშელს ის მოლოდინები გააცნო, რომელსაც უკვე წერილობით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ელიან.

მოთხოვნები მხოლოდ ასოცირებულ ქვეყნებს არ აქვთ, თავად ევროპულ საბჭოში მათგან დაჟინებით მოითხოვენ იმ რეფორმების ბოლომდე მიყვანას, რომელიც თითოეულის შემთხვევაში კონკრეტულია, თუმცა საერთოა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის მუშაობა. რაც შეეხება ევროკომისიას, მართალია პრეზიდენტ - ურსულა ფონ დერ ლაიენთან დახურული შეხვედრის დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა შარლ მიშელთან ერთად კომისიის მიდგომებზე სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გააჟღერა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე.

15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უკვე პროექტის ყველა სახელმწიფოს ელიან, განიხილავენ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის თემას, საუბარი ვერ ჩაივლის ბელარუსზე მსჯელობის გარეშეც, რომელიც ახლა მთავარი გამოწვევაა. ტრიოს კი წინასწარი მოთელვა უკვე ჩატარებული აქვს, სწორედ ამ სამიტის წინ მიიღო ტრიოს შეხვედრამ განსაკუთრებული დატვირთვა, ფიქრობს ბელგიაში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი.

ევროკავშირში ასოცირებულმა ტრიომ დღის ბოლო შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან გამართა. რომელმაც სტუმრებს თავისთან, ევროპარლამენტის შენობაში უმასპინძლა. ევროკავშირის ყველა შტოს მსგავსად, ევოპის მთავარ საკანონმდებლო უწყებაშიც აღმოსავლელი პარტნიორებისგან მაქსიმალურ ძალისხმევას ელიან დემოკრატიისა და რეფორმების გზაზე, რათა მათი გაწევრიანება რეალურ პერსპექტივად იქცეს და ამ გზაზე ტემპებიც დაჩქარდეს.

დღის ამბები