28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ნიკა გვარამიას მხრიდან პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ნიკა გვარამიას მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამასთან უწყების განცხადებით, საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, ბრალდების მხარე აპირებს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით და მოითხოვოს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად ჩაერთო ნიკა გვარამია.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნ.გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის  მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები