28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"აიცერით, აიცერით! გაიკეთეთ მესამე აცრა, დაიბუსტეთ რამდენჯერაც შეძლებთ" - ომიკრონი მსოფლიო საზღვრებს კეტავს

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი დრამატული ტემპით განაგრძობს გავრცელებას. "ომიკრონი", რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უკვე 12-ზე მეტ სახელმწიფოში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში წითელ სიას შოტლანდია, პორტუგალია და კანადაც შეემატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რომელმაც B 1-1-529 შემაშფოთებელ კატეგორიას მიაკუთვნა, აცხადებს, რომ ამ დრომდე მეცნიერებს არ აქვთ პასუხი, თუ რამდენად გადამდებია ვირუსის ახალი შტამი სხვა ვარიანტებთან შედარებით. 

"ახალი, მრავალ მუტაციური ვარიანტის, ომიკრონის გამოჩენა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სახიფათო და არასტაბილურია ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, არის თუ არა ომიკრონი მეტად გადამდები, ასოცირდება თუ არა ის დაავადებების მძიმე მიმდინარეობასთან, ინფიცირების მეტ რისკთან თუ ვაქცინებთან შეუთავსებლობასთან. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი

"ომიკრონის" ვარიანტთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრას გამართავენ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსს უამრავი მუტაციის შექმნა შეუძლია, სახელმწიფოები მორიგი მომაკვდინებელი ტალღის თავიდან ასაცილებალად რეგულაციებს ამკაცრებენ. 

"აიცერით, აიცერით! გაიკეთეთ მესამე აცრა. დაიბუსტეთ რამდენჯერაც შეძლებთ, რადგან ვაქცინა თქვენს ორგანიზმში გაზრდის ანტისხეულებს, რითაც კოვიდის წინააღმდეგ გაგიძლიერდებათ იმუნიტეტი," - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

აფრიკის 8 ქვეყნიდან მოგზაურობაზე შეზღუდვებს ევროკავშირის ქვეყნების გარდა აწესებს შეერთებული შტატები. ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ მოხდება სახელმწიფოები კი პრევენციული ზომებისთვის უნდა მოემზადონ.

მაროკო, იაპონია, ავსტრალია, ნორვეგია, ისრაელი და გერმანია - იმ ქვეყნების სიაშია, რომლებმაც რეგულაციები გაამკაცრეს. 

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ქვეყნებს მოუწოდებს სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმონ, რადგან მისი თქმით, ამ ტიპის აკრძალვას მეცნიერული საფუძველი არ აქვს.

დღის ამბები