28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"როცა გავიგე, რომ მესამე პირი გარდაიცვალა, ვთქვი, დაურეკეთ პოლიციას-მეთქი" - ზურაბ ზვიადაურმა მომხდარის შესახებ ისაუბრა

ზურაბ ზვიადაური, დროებით, თავისუფალია. თელავის სასამართლომ ოლიმპიურ ჩემპიონს დღეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.  

საბრალდებო სკამზე მჯდომი ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულმა მკვლელობის ახალ დეტალებზე დღეს მოსამართლესთან ისაუბრა.

"როცა გავიგე, რომ მესამე პირი გარდაიცვალა, მე ვთქვი, პოლიციას დაუძახეთ და უთხარით, რომ ეს ჩემი ჩადენილია, მე აქ ვარ, იარაღი აქ არის, რომლითაც მოხდა ეს ყველაფერი-მეთქი. მიმალვა რომ მდომებოდა, ან გაქცევა, 5-6 საათი დრო მქონდა," - განაცხადა ზვიადაურმა. 

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული ძიუდოისტი, დაპირისპირების დროს მოკლული ძმის საფლავზე მივიდა.

დღესვე, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა კიდევ ერთი პირის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 43 წლის მამაკაცს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

შელაპარაკება, თავდაპირველად, მშენებლობაზე დასაქმებულ ზვიადაურების მეგობრებსა და იმერეთიდან კახეთში სამუშაოდ ჩასულებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. გამოძიების ვერსიით, საქმის გასარჩევად წინანდლის ტყეში წასულებიდან ცეცხლი პირველად ზვიადაურების მეგობარმა, ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ კი, სროლა იმერეთიდან კახეთში სამუშაოდ მყოფმა ნიკა კენჭოშვილმა დაიწყო, რა დროსაც 4 პირი დაიჭრა, მათ შორის ორი, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური გარდაიცვალნენ. სწორედ ამ დროს ერთვება პროცესში ოლიმპიური ჩემპიონი. ნიკა კენჭიაშვილი, სავარაუდოდ მიბჯენით გასროლის შედეგად კვდება.

ზურაბ ზვიადაური ბრალს დღემდე არ აღიარებს. ამბობს, რომ ის ნიკა კენჭიაშვილის მოგერიებას ცდილობდა და დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია. ამ ეტაპისთვის გამოძიებას სიტყვიერი შელაპარაკებით დაწყებულ და სისხლისღვრით დამთავრებულ გარჩევაში მონაწილე სხვა პირების ბრალეულობა არ გამოუვლენია. მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

დღის ამბები