28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - სხდომის პარალელურად აქცია დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროცესის პარალელურად მიმდინარე აქცია დღეს რამდენჯერმე გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში.

პირველი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მიხეილს სააკაშვილის მხარდასაჭერად მისულ აქტივისტებს შორის საქალაქო სასამართლოს საგუშაგოსთან დაიწყო. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რომ აქციის მონაწილე დაცვის ჯიხურის სახურავიდან ჩამოსულიყო, არ დაემორჩილა და წინააღმდეგობა გაუწია.

დაპირისპირებისას დაშავდნენ სამართალდამცველები, მათ მიმართ აქციის მონაწილეები პერიოდულად აგრესიით გამოირჩეოდნენ, ისმოდა უცენზურო სიტყვები და მუქარაც. დაზიანებები აქციის მონაწილეებმა და მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს, ყველა მათგანს ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებმა დახმარება აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა ადგილზე ვითარების განსამუხტად ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს, რაზეც განმარტება შინაგანს საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დემონსტრანტების ქმედებები, მშვიდობიანი შეკრების ჩარჩოებს გასცდა და სწორედ ამიტომ, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა.

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად, რამდენიმე საათის განმავლობაში აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო გადაადგილებაც შეფერხებული იყო. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე დაპირისპირება სწორედ სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას მოჰყვა. ადმინისტრაციული წესით 15 პირი დააკავეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პოლიციამ გიგი უგულავაც დააკავა, ფაქტს წინ უძღოდა ოპოზიციის ლიდერსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს ეზოდან ტაშით და შეძახილებით გააცილეს. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა კორიდორი გააკეთეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტი გაძლიერებული დაცვით წაიყვანეს. აქციაც მალევე დაიშალა.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაცია - ასე შეაფასა მმართველმა გუნდმა საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენები. არჩილ თალაკვაძე იმ ვიდეო კადრებსაც გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში და სხვადსხვა მედიასაშუალებით გავრცელდა. მასალაში ჩანს, როგორ აძლევენ ფულს, სავარაუდოდ აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის.

დღის ამბები