28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
როდესაც ცდილობენ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას, მას არქმევენ ხოლმე "შეცდომებს" - მამუკა მდინარაძე სააკაშვილის განცხადებაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დღეს სასამართლო სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. კონკრეტულად, მან იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ექსპრეზიდენტი შეცდომებზე საუბრობდა.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, არ ყოფილა შეცდომები, ეს იყო დანაშაულები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა მისი ხელისუფლებაში ყოფნის წლებში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ჩადენილი დანაშაულებისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს. 

"წლების განმავლობაში ხომ გვახსოვს პიარი, თითქოს "ქართული ოცნების" წევრები იძახდნენ, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. აღმოჩნდა ბოლოს დოკუმენტით და არა საუბრით, რომ დაუბრალებიათ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ამ ქვეყანაზე და ქართველ სამხედროებზე ომის დაწყება? ხომ აღმოჩნდა? რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, თურმე აღმოჩნდა რუსების ხელში. ეს ყველაფერი ხომ მტკიცებულებების დონეზეა. აღმოჩნდა ერთ მშვენიერ დღეს, რომ ისკანდერის ნაწილები, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იმ საქმეში, სადაც ქართველ სამხედროებს რუსეთი აქეთ უჩივის და აქეთ ედავება რაღაცებზე, საერთაშორისო სასამართლოში, ეს ისკანდერის ნაწილები, თურმე, დაუმალავთ და თურმე "ქართულ ოცნებას" აღმოუჩენია წლების შემდეგ, ეს გადამალული მთავარი და ცენტრალური მტკიცებულება.

ვინ რას ლაპარაკობს, უკვე მეორეხარისხოვანი ჩნდება ხოლმე, როდესაც, ამავე წლებში, ცდილობენ თავისი ძალიან ცუდი ქმედებების ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას, მას არქმევენ ხოლმე "შეცდომებს". ესეც პიარული ხრიკია.

შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას ამ ქვეყანაში, რომელიც ხალხიც ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვიღაცას რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს. ამას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი დანაშაულებები და ამ დანაშაულისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები