28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, პოლიტიკოსებს კითხვები გაუჩინა

ექსპრეზიდენტის საქმეზე დღეს გამართული სასამართლო პროცესი არ ყოფილა პირველი, სადაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე ისაუბრეს, თუმცა 29 ნოემბერს გამართული სხდომა პირველი იყო, რომელიც დაკავების შემდეგ მიხეილ სააკშვილის თანამონაწილეობით გაიმართა. "ნაციონალურ მოძრაობაში" და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში ამბობენ, რომ საერთო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ ხელისუფლება აიძულა, ამ დათმობაზე წასულიყო.

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში მისვლა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მაჩვენებელია მმართველი პარტიისთვის, სადაც აცხადებენ, რომ პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ საპროტესტო აქციის გამართვამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის საფრთხე, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებდა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში რადიკალიზაციის კერების შექმნას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება რომ ის არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, არადამაჯერებელი აღმოჩნდა ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის.

სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულებებისთვის, მათი თქმით, დამსახურებულად იხდის. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები, მმართველი ძალის ლიდერების შეფასებით, იმ ადამიანების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფაა, ვინც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით პროცესი, 7 ნოემბრის თემაზე ჩატარდა. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელე იმედში შეჭრის საქმეზე , უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

დღის ამბები