28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
სააკაშვილს სურდა სასამართლო პროცესებს დასწრებოდა, დღეს განაცხადა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას, რაც ურთიერთგამომრიცხავია - არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილის სიტყვას და სასამართლოს შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური გამოხმაურება უკვე მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს და სინანულსაც არ გამოხატავს იმ დანაშაულებების მიმართ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჩაიდინეს.

ისაუბრეს სასამართლოს გარეთ განვითარებულ მოვლენებზეც - უმრავლესობის წევრების შეფასებით, რამდენიმე ფაქტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებას.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ის შოუ, რომლის მოწყობაც სურდა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს" :

"ის აცხადებდა, რომ სურდა სასამართლოში სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ არ აღიარებს ქართულ მართლმსაჯულებას, რაც ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრულია.

ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი არავითარ პროვოკაციას არ მიმართავდნენ, როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, მაღალი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად.

რაც შეეხება თავად იმ შოუს, რისი მოწყობაც სურდა სააკაშვილს სასამართლოში, რა თქმა უნდა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები