28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - ტერიტორიაზე არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული, ისინი ტერიტორიაზე არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ.

სწორედ სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ.

სავარაუდოდ, გორის ჰოსპიტალიდან უკვე განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ ოფიციალური სამსახურები არ ადასტურებენ. "კურიერმა" გადაიღო, თუ როგორ გამოვიდა ესკორტი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.

სასამართლო პროცესი დაახლოებით ნახევარ საათში უნდა დაიწყოს.

ცნობისთვის, დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის. მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. 

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები