28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი- ხანუკა სამეახ! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხანუქა რწმენის, განახლების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია

ხანუკა სამეახ! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხანუქა რწმენის, განახლების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს 26 საუკუნოვანი ძმობა აქვთ, რომლის ანალოგიც მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება.

"ჩემო ებრაელო ძმებო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩემთვის დღეს აქ, თქვენთან ერთად, ჩვენს ძვირფას და საყვარელ ებრაელ თემთან ერთად ყოფნა და დღევანდელი დღის, ამ დიდებული დღესასწაულის აღნიშვნა დიდი პატივია. ხანუქა, როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის რწმენის და განახლების დღესასწაული. ეს არის სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული, ეს არის სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძვირფასო მთავარო რაბინ, პატივცემულო რაბინ, ყველას მოგესალმებით. არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, ჩვენს ძვირფას ელჩებს, ბატონ შაფთაი ცურის, ყოფილ ელჩს და ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ბატონ რან გიდორს, ყველას მოგესალმებით და მთელი გულით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მართლაც უნიკალური, 26 საუკუნოვანი ძმობა გვაქვს, რომლის ანალოგიც მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება. საქართველო თქვენი მეორე მიწა, ებრაელი ხალხის მეორე სამშობლოა. ჩვენ, ქართველებმა ყოველთვის ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ძმები და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ვაფასებთ ჩვენს ძმობას, მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას და სიყვარულს, რომელიც ჩვენ ორ ხალხს შორის არსებობს. ასევე მინდა ვთქვა, თუ რაოდენ გამორჩეული ფენომენია ქართველი ებრაელი. მე ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი მეგობარი მყავს და ვამაყობ მათით. ამ დარბაზში ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს ვხედავ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმიტომ, რომ ისინი აძლიერებენ ისრაელს და ასევე ეხმარებიან მათ მეორე სამშობლოს-საქართველოს. კიდევ ერთხელ მადლობა. ისრაელს, ქართველ ებრაელებს და მთელ მსოფლიოში ებრაელ ხალხს მინდა ვუსურვო გამარჯვება, სიმტკიცე, კეთილდღეობა და წარმატება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სინაგოგაში ხანუქას სანთელი აანთო. მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა მთავრობის მეთაურს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

თბილისის დიდ სინაგოგაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, ისრაელის ყოფილი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი და თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი რახამინ მორდუხაშვილი.

დღის ამბები