28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები დღეიდან  ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან

კარავს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის გახსნილი, სამედიცინო დანიშნულება აქვს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები დღეიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

აქტივობა, ჯერჯერობით, მაღალი არ არის, თუმცა მოლოდინი დიდია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანთან მდებარე გამყოფ ხაზთან ამცრელი ბრიგადები საქართვლოს მოქალაქეებს დილის 8-დან საღამოს 6-მდე ემსახურება. აცრა Sinopharm-ით და Sinovac-ით იქნება შესაძლებელი.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონის მასშტაბით. მცხეთა-მთიანეთში უკვე, სულ მცირე, ერთი დოზით 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაცემული დავალების და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას მართავენ.

ბიზნესთან აქტიური შეხვედრების შემდეგ, კერძო კომპანიებმა ვაქცინაციის პროცესი საკუთარ ორგანიზაციებშიც დაიწყეს. კერძოდ აჭარაში, სამკერვალო საწარმოში დასაქმებულთა 57% უკვე აცრილია.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ აცრების ტემპი, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკში - უნდა გააქტიურდეს, რადგან თანმდევი დაავადებების გამო ვირუსის გართულების რისკი მაღალია.

ვაქცინაციის მარათონი ქვეყანაში დაახლოებით 15 დღეა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ტემპი მომატებულია, თუმცა აცრილთა რაოდენობა საკმარისი არ არის. ვირუსის გასამკლავებლად მიაჩნიათ, რომ დღიურად 15-20 ათასი ვაქცინირებული უნდა იყოს.

ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს იმედი აქვთ, რომ იმუნიზაციის წამახალისებელი კამპანია გარკვეულ შედეგს გამოიღებს. აცრების დაწყებიდან დღემდე სულ მოზრდილი მოსახლეობის 34,8%-ია ვაქცინირებული.

დღის ამბები