28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"დგას საკითხი - არის თუ არა ეს ვირუსი მძიმე მიმდინარეობის უფრო მეტად გამომწვევი" - საქართველოში ომიკრონის წინააღმდეგ ახალი პროტოკოლების შესწავლა დაიწყეს

მსოფლიო ახალი საფრთხის, მეცნიერები კი ახალი თავსატეხის წინაშე - მიზეზი კვლავ კორონავირუსია. ამჯერად ახალი გამოწვევა არის ახალი შტამი, რომელსაც სახელი უკვე დაარქვეს. "ომიკრონი", იგივე აფრიკული შტამი უკვე 7 ქვეყანაში გამოვლინდა. ჯერ საქართველომდე არ მოუღწევია, თუმცა ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი პროტოკოლების შესწავლა და ფიქრი, თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალ შტამს.

პირველადი აღწერა საკმაოდ საყურადღებოა. ვირუსის ახალ მუტაციას სწრაფად გავრცელება ახასიათებს და მძიმედ მიმდინარეობს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, "ომიკრონი" გაცილებით უფრო იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე "დელტა".

"ამ მუტაციაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლილებაა. ჯამში 50 მუტაციაა, რომელთაგან 32 ეხება წვეტის ცილას, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის შეჭრას ადამიანის უჯრედში, ამათგან 10 მუტაცია ეხება სწორედ შეჭრის გამაიოლებელ ფრაგმენტს, რომელიც ამ ვირუსშია, ანუ ეს ვირუსი შეიძლება გაცილებით უფრო იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე "დელტა" ვარიანტი, რომელსაც დღეს განვიხილავთ ყველაზე უფრო გადამდებს. თუ ეს დადასტურდა და ასეა, მაშინ რისკი არსებობს, ისე როგორც მოხდა "დელტას" შემთხვევაში, მოიმატოს ინფიცირებამ.

ამის უკან დგას კიდევ ერთი საკითხი - არის თუ არა ეს ვირუსი უფრო მეტად გამომწვევი მძიმე მიმდინარეობის," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები