28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
2 დღე სასამართლომდე, რომელიც სავარაუდოდ ხმაურიანი იქნება - დაესწრება, თუ არა მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის პროცესს

მე-3 პრეზიდენტის ექიმები ვარაუდობენ, ადვოკატები კი იმედოვნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს სასამართლოში მისვლას შეძლებს. უახლოესი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზეა ჩანიშნული. იუსტიციის სამინისტროს თანხმობა ცნობილია - პროცესზე გამოცხადება ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სურვილზეა დამოკიდებული. რას იტყვის სააკაშვილი მძიმე ბრალდებაზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სასამართლო დარბაზს ის სავარაუდოდ პოლიტიკურ ტრიბუნადაც გამოიყენებს.

დაანონსდა, რომ 29 ნოემბერს ჩანიშნული სხდომა ისევ ხმაურით ჩაივლის. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში", ისევე როგორც ყველა სხვა ეპიზოდში, 7 ნოემბრის საქმეზეც ექსპრეზიდენტის ბრალდებას დაუსაბუთებელს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

მმართველ გუნდში 7 ნოემბრის აქციის დარბევას და "იმედში" შეჭრას, ვანდალურ აქტს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში სასამართლოს ანდობენ ფაქტების შეფასებას, რამდენად ადეკვატური ძალა გამოიყენა ყოფილმა ხელისუფლებამ და იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილი ინფორმირებული.

29 ნოემბრის სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის. ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. პროკურორი დარწმუნებულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება.

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში პირველად სავარაუდოდ 29 ნოემბერს მივა.

დღის ამბები