28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - ჩამონგრეულ შახტში მაშველებმა მიწის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანს მიაგნეს 

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწის მასის ჩამოიშალასა და მასში ორი ადამიანის მოყოლასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამაშველო ბრიგადებმა ერთ-ერთ მოქალაქემდე ჩასვლა მოახერხეს, რომელიც მიწის მასაშია მოყოლილი, ის კონტაქტურია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის პროცედურა. ხოლო, რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია.

მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები." - წერია განცხადებაში. 

 

 

 

დღის ამბები