28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პრაქტიკულად პოლიციამ და სუსმა დაამტკიცა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი - ზაალ უდუმაშვილი

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. რატომ გამოიწვია ამ პროცესმა ოპოზიციის მძაფრი პროტესტი, ამ თემაზე "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონლური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა:

"ნონსენსია, ბიუჯეტი, რომლის მონიტორინგიც უნდა განახორციელოს ახლადარჩეულმა საკრებულომ, სულ სხვა ადამიანების მიერ არის დამტკიცებული, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აღარ არიან არჩეული, დაასრულეს მოღვაწეობა და ახლა გადაწყვიტეს, ამ ხალხის მეშვეობით დაამტკიცონ ბიუჯეტი. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი რა არის?- გარდა იმისა, რომ მათ ეშინიათ, რომ ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, მეორე საკითხიცაა, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ცდილობენ ეს ბიუჯეტი გადაანაწილონ ისე, რომ მორგებული იყოს მთლიანად "ქართული ოცნების" ინტერესებს, ანუ პარტაქტივი იყოს ისევ დასაქმებული, ის ვალდებულებები გაისტუმრონ, რომელიც აქვთ "ქართული ოცნების" შემომწირველების მიმართ და ასე შემდეგ,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მმართველი პარტია ბიუჯეტის დამტკიცების ერთ-ერთ მიზეზად რისკებისგან დაზღვევასაც ასახელებდა, რადგან შესაძლოა საკრებულოების შემადგენლობებს, სადაც "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ექნებოდა, ბიუჯეტი ჩაეგდო. მართლაც გეგმავდა თუ არა ამ სტრატეგიით მოქმედებას ოპოზიცია. ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა მათ პარტიაში ამაზე არ უმსჯელიათ და ეს საკითხი არ განხილულა:

"თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამაზე არ ყოფილა მსჯელობა და არც განხილულია. მაგრამ ბუნებრივია, ამის შიშიც აქვთ, იქ სადაც არის დაკარგული უმრავლესობა. ისინი იშველიებენ იმას, რომ სამართლებრივად გამართულია, დაენიშნათ ახალი საკრებულოს სხდომა ნოემბერში, მაგრამ არა, ცესკოს შეგნებულად გადაატანინეს დეკემბერში. პრაქტიკულად პოლიციამ და სუსმა დაამტკიცა ბიუჯეტი," - განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლასაც გეგმავენ.​

დღის ამბები