28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ხმაური და გაურკვეველი ნივთიერება ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში - ადგილობრივი ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს 

ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, რამდენიმე წუთით შეწყდა. მიზეზი მირდატ ქამადაძის მიერ გაურკვეველი ნივთიერების დასხმა გახდა. მძაფრი სუნის გამო დეპუტატების ნაწილმა დარბაზი დატოვა, თუმცა ბიუჯეტის ხმაურიანი განხილვა მალევე გაგრძელდა. 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შესვლას დილიდან ცდილობდნენ, თუმცა იმის გამო, რომ მათი უფლებამოსილება ოფიციალურად ცნობილი არ არის, დარბაზში შესვლის მცდელობას პოლიცია და დაცვის სამსახური ეწინააღმდეგებოდა.

ბათუმის საკრებულოს შენობაში ხმაური დილის 10 საათიდან დაიწყო. პირველად ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილძე დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად ბათუმში პარტიის ლიდერი ნიკა მელიაც ჩავიდა, თუმცა იმ დროისათვის ადგილზე ვითარებას პოლიცია სრულად აკონტროლებდა.

სხდომათა დარბაზის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პროტესტს შენობის გარეთაც აგრძელებდნენ. ისმოდა აგრესიული განცხადებებიც. 

2 საათიანი ხმაურის შემდეგ ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 54 მილიონ 47 ათასი ლარით განისაზღვრა. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე განცხადება ბათუმის მერმაც გააკეთა.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დღის ამბები