28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
როგორ მიმდინარეობდა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პირველი დღე - შეკითხვებს გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე პასუხობდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევისთვის მხარდაჭერის მიღებაში კანდიდატები დეპუტატების დარწმუნებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. პირველი, ვისაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს, მოსამართლე გენადი მაკარაძე იყო. სწორედ მაკარაძესთან გასაუბრებით განახლდა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი, ე.წ გავლენიანი ჯგუფების არსებობა სასამართლოში, კანდიდატის კომპეტენცია და კარიერული ბიოგრაფია - ეს იმ შეკითხვების ძირითადი ნაწილია, რაზეც დეპუტატებმა პასუხები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებისგან ითხოვეს.

ე.წ გავლენიან ჯგუფებზე განმარტების მიღების შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ შესაძლო ზეწოლის შესახებ კითხვა მართველი პარტიის წევრების მხრიდანაც დაისვა. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, როგორია კანდიდატის შეფასება მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

გენადი მაკარაძის შემდეგ დეპუტატებმა გასაუბრება თამარ ოქროპირიძესთან განაგრძეს. მასთანაც შეკითხვები ისევ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ამ ინსტიტუტის მიმართ საერთაშორისო კრიტიკას ეხებოდა.

სასამართლო სისტემის გადატვირთულობაზე შეკითხვა "ქართული ოცნების" წევრებმა დასვეს. მმართველი პარტიის წევრები დაინტერესდნენ ჩამოაყალიბებს თუ არა, ოქროპირიძე ამ მიმართულებით ხედვას, თუ ის უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ აირჩევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 2 კანდიდატს დეპუტატები სავარაუდოდ ხვალ შეხვდებიან. ოპოზიციის ნაწილის მსგავსად მოსმენის გაგრძელებას ნეგატიურად აფასებენ სახალხო დამცველი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელის განცხადებით, პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეესაბამება. ნინო ლომჯარია კი პარლამენტს მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს რეფორმირებამდე გასაუბრებები შეაჩეროს.

დღის ამბები