28 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
რას გულისხმობს სოციალური შემწეობის მქონეთა დასაქმების რეფორმა - ვიცე-პრემიერმა ინიციატივის დეტალები "ღამის კურიერში" განმარტა

ქვეყანაში მასშტაბური დასაქმების რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივის დეტალებზე, "ღამის კურიერის" ეთერში ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე გაწერილი უკვე მომავალი წლის დასაწყისში იქნება და საზოგადოებასაც დეტალურად წარუდგენენ.

"ჩვენ რეალურად შევაფასეთ, რომ დაახლოებით 600 ათასი სოციალური დახმარების მიმღები პირიდან ქვეყანაში გვყავს მინიმუმ 200 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი. ამ 200 ათასი ადამიანის შრომაში ჩართვა აბსოლუტურად რეალურია. ამ პროგრამის არსი თავიდან არ არის იმ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, რომელსაც სოციალურ დახმარებებში ვხარჯავთ, უბრალოდ გამოიყენება უფრო სწორად.

მათ დაასაქმებს როგორც კერძო სექტორი ისე სახელმწიფო. კერძო სექტორში საკმაოდ დიდია მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, იგივე სოფლის მეურნეობის სფეროში. დასაქმების მსურველები უარს ამბობენ ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ მათ აქვთ შიში, რომ შესაძლოა სოციალური დახმარების სტატუსი შეუწყდეთ ან შეუჩერდეთ, ზუსტად ამის გამო, ჩვენს პროგრამაში მკაფიოდ იქნება დაზღვეული და მათ პირიქით გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა. მაგალითად მან მიიღოს სოციალური ბენეფიტი და მიიღოს ის ანაზღაურება თამამად, ღიად და ეს დეკლარირებული იყოს და არ მალავდეს.

ამავე დროს კერძო სექტორის მოტივაციაში ვგულისხმობთ, რომ გადამზადების, ტრეინინგის ნაწილში სახელმწიფო ჩაერთოს სრულად და ის კვალიფიკაცია, რომელიც კერძო სექტორს სჭირდება, მთლიანად დააფინანსოს სახელმწიფომ. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან ბევრი საჭიროება საზოგადოებრივი საქმეების, მათ შორის სამინისტროების და მუნიციპალიტეტის დონეზე. ამ საჭიროებების ბაზებიც გაერთიანდება და სახელმწიფო ამაშიც გაიღებს დამატებით ხარჯებს, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები, ეკიპირება, მინიმალური კვალიფიკაცია.

საბოლოოდ ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანები, რომლებიც შეეჩვევიან შრომას, რომლებიც ნახავენ დასაქმების პლუსს, ამ ადამიანებს გაუჩნდებათ უფრო მეტი ამბიცია, რომ მათ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ და ამისთვის მათ სჭირდებათ კიდევ უფრო მეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია და გახდნენ კონკურენტუნარიანები,"- აღნიშნა მინისტრმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ პირს სამუშაო სეზონის დასრულების შემდეგ უნარჩუნდება სოციალური შემოსავალი.

"ის დაზღვეულია იქიდან გამომდინარე რომ სამუშაო დროებითია, მას ავტომატურად უნდა აღუდგეს ის წყარო რომელიც ჰქონდა," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიცია, რომ 2022 წლის განმავლობაში მინიმუმ 50 ათასი ადამიანი დაასაქმოს.

"2022 წელსვე მინიმუმ 50 ათას ადამიანს დავასაქმებთ, თუმცა ამბიციური გეგმა უფრო მეტს გულისხმობს, იმედი მაქვს რომ სრულად შრომისუნარიან მოსახლეობის სამუშაო პროცესში ჩართვას მოვახერხებთ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები