28 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
შიმშილობის შეწყვეტისა და მკურნალობის მე-5 დღე - რა გზავნილები გამოიტანეს გორის ჰოსპიტლიდან და რას ითხოვენ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-5 დღეა, გორის ჰოსპიტალში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. საკვებსაც განსაზღვრული კალორიებით იღებს. მედიკოსების ინფორმაციით, პატიმარმა რამდენიმე წუთით სიარულიც შეძლო და ჰოსპიტლის დერეფანში გადაადგილდებოდა. ექსპრეზიდენტი კონსილიუმის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის.

ექსპრეზიდენტთან პალატაში შევიდა მისი უკრაინელი ადვოკატი. შეხვედრიდან გამოსული ევგენი გრუშოვეცი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და იმდენად მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ სასამართლო პროცესებზე თავის დაცვა გაუჭირდება.

სააკაშვილი მოინახულეს ქართველმა უფლებადამცველებმაც. ადვოკატს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გამოატანა, სადაც მოიკითხა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოითხოვა "ემპათიის" ექიმების შესვლა ჰოსპიტალში. გზავნილში საუბრობს პოლიტიკურ გეგმებზეც და აცხადებს, რომ მიზანი ვადამდელი არჩევნებია. სააკაშვილი პასუხობს მათაც, ვისაც მისი შიმშილობა პოლიტიკურ სპეკულაციად მიაჩნია.

ადვოკატების მსგავსად, ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნაც და სურვილიც მიხეილ სააკაშვილის გისოსების გარეთ ყოფნაა. ექსპრეზიდენტის დედა, რომელმაც შვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებად პოლიტიკური ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ექსპრეზიდენტს შეხვდა ლიზა იასკოც, რომელიც მსჯავრდებულის პალატის პირობებს აღწერდა და ამბობდა, რომ გორის ჰოსპიტალში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ 3 კილო დაიკლო.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკო მინაშვილი ჰოსპიტალთან დღესაც მივიდა, თუმცა პარტიის ლიდერის მონახულების შესაძლებლობა უკვე მეორეჯერ არ მიეცა.

შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას ელოდება სააკაშვილისგან მმართველი გუნდი. ხელისუფლებისთვის ექსპრეზიდენტი მსჯავრდებული და ბრალდებულია, რომელმაც სასჯელი საპატიმროში უნდა მოიხადოს.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გლდანის ციხიდან 20 ნოემბრის ღამეს გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტმა შიმშილობა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეწყვიტა.

დღის ამბები