ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, რუსულ გაზსადენ - "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც რუსულ ხომალდს და კვიპროსში ბაზირებულ, თუმცა რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია "ტრანსადრიას" შეეხო. ვაშინგტონმა არ დაუწესა სანქციები მშენებელობაში მონაწილე კიდევ ერთ გემს, "ბლუ შიფს", რადგან ის გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიასთან აფილირებული კომპანიის საკუთრებაა და ვაშინგტონი ბერლინის გაღიზიანებას ამჯერადაც მოერიდა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის დროს გერმანიასთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების აღდგენაზეა ორიენტირებული. ამიტომაც არ დაუწესა ვაშინგტონმა მაისში სანქციები, შვეიცარიაში ბაზირებულ მილსადენის ოპერატორ კომპანიას და მის გერმანელ დირექტორს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს კონგრესი ითხოვდა. ნედ პრაისმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამერიკის მთავრობა მილსადენის წინააღმდეგია და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიასთან ერთად, უკრაინას მხარს უჭერენ.
ამერიკაშიც და ევროპაშიც ბევრი დარწმუნებულია, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გაშვება, მოსკოვის მიერ ინტერპრეტირებული იქნება ნებართვად, უკრაინის ოკუპირებისთვის. ატლანტიკური საბჭო გაზსადენის თემას ვაშინგტონში ევროპელებთან ერთად განიხილავდა. მათ შორის იყვნენ ვიოლა ფონ კრამონი და ჟიგიმანტას პავილიონისი. გერმანელი პოლიტიკოსი, ამერიკის ადმინისტრაციის სტრატეგიულ შეცდომაზე საუბრობს.
ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სანქციების პროექტს კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ამის არგამოყენება სამწუხაროა. მისი თქმით, ევროკავშირში, კომისიასა და პარლამენტში დიდი წინააღმდეგობაა და იმედოვნებს, რომ გერმანიის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად იზრუნებენ "გაზპრომის" მილსადენის მიმართ, უფრო მეტი სამართლებრივი წინააღმდეგობის შექმნაზე. ევროპელი დეპუტატი არ ფიქრობს, რომ მილსადენი მთლიანად გაჩერდება, თუმცა მის გადასავადებლად და მოსკოვისთვის საფასურის მოსამატებლად, საშუალებები არსებობს.