ევროპაში ეპიდვითარება მძიმდება. ინფიცირების ზრდის გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა საბერძნეთში, ავსტრიაში სრული 20-დღიანი ლოქდაუნი გამოცხადდა.
მორიგი რეგულაციების შემოღება იგეგმება ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები არასაკმარისია და უფრო მკაცრი შეზღუდვებია საჭირო.
ვითარება უარესდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ირკვევა, რომ კორონავირუსს წელს უფრო მეტი ადამიანი შეეწირა, ვიდრე გასულ წელს.
აქტიური ვაქცინაცია გრძელდება ისრაელში, სადაც 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო. იტალიაში კი ბუსტერ დოზების მიღებას მოქალაქეები პირველი აცრიდან 5 თვის შემდეგ შეძლებენ.
პარალელურად, ოქსფორდის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ COVID-19 ვაქცინირებულების დაავადება აღარ არის. მათი თქმით, საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები აქვთ, ძირითადად აუცრელი ადამიანები არიან.