28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
როდის მიიღო ხელისუფლებამ სააკაშვილის გლდანის ციხიდან გადაყვანის გადაწყვეტილება - ევროპული სასამართლოს მორიგი წერილი კვლავ დავის საგანი ხდება

ბრალდებები და პრეტენზიები არ წყდება. "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ამჯერად უკვე იმაზე დაობს, თუ როდის მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, სტრასბურგის სასამართლოს წერილამდე თუ წერილის შემდეგ. ქართული პოლიტიკური სპექტრი კი, ახლა ერთმანეთთან იმას არკვევს, რა დროა მითითებული 19 ნოემბრის წერილზე.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არ იყო მთავრობის კეთილი ნება და ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გადაყვანა სტრასბურგმა დაავალა, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ წერილი თბილისში მას შემდეგ მოვიდა, რაც სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში მკურნალობის შეთავაზება უკვე მიღებული ჰქონდა.

საგულისხმოა ომბუდსმენის პოზიციაც, რომელმაც წერილის შინაარსი პირველმა გაასაჯაროვა.

სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტის გორში ეტაპირების გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს იმ განცხადების გამო მიიღო, რომელშიც საუბარია სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე. ომბუდსმენი ვერ აკონკრეტებს სტრასბურგიდან წერილის მიღების ზუსტ დროს, თუმცა ფიქრობს, რომ იუსტიციის უწყებას შესაძლოა წინასწარ სცოდნოდა იმის შესახებ, რომ ევროსასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოცემას აპირებდა.

ევროსასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხვალამდე უნდა მიეწოდოს. გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტრასბურგში ორი შუალედური დასკვნა უკვე გაგზავნილია.

დღის ამბები