28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნებოდა - გიორგი ვოლსკი სააკაშვილის გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო, თუ მათ უკვე იცოდნენ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც სტრასბურგი საქართველოს სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობას ავალებს - ეს თემა დღეს პოლიტიკური დავის საგანია. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ დაასწრო და მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნებამდე გადაიყვანა. განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიღება შექმნილი გარემოებების გამო მოხდა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მმართველი გუნდი სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მუდამ ითვალისწინებს და კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაუყენებია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, გარემოებების გათვალისწინებით მიიღო და ამაზე რაიმე გავლენა სახალხო დამცველის განცხადებებს არ მოუხდენია.

"სტრასბურგის მოწოდებაც რომ ყოფილიყო და ამის საფუძველზე შესრულებულიყო ის, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, ამაში არც დასაძრახი არაფერი არ არის. სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ გადაიყვანდნენ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. სტრასბურგის გადაწყვეტილება უძღოდა ამას წინ თუ ის გარემოება, რომელიც შეიქმნა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ამაზე ლომჯარიას განცხადებები არანაირ გავლენას არ მოახდენს, იმიტომ რომ ფაქტი არის ფაქტი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებებისადმი ნდობას უსვამს ხაზს "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილიც:

"ჩვენ თავდაპირველადვე სტრასბურგის სასამართლოს პოზიციასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ჩვენ სრულად შევასრულებდით გადაწყვეტილებას, შესაბამისად სისრულეში მოვიყვანდით ნებისმიერ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადგებოდა დღის წესრიგში. კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება და არასდროს დამდგარა "ქართული ოცნების" მიერ სტრასბურგის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება. თუკი ვინმეს მხრიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". მაგალითად "რუსთავი 2-ის საქმეზე", "გირგვლიანის საქმეზე" და ასე შემდეგ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები