28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გადაიყვანეს თუ არა სააკაშვილი ჰოსპიტალში სტრასბურგის გადაწყვეტილების გამო - ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს წერილი დავის საგანია

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მორიგი წერილი ისევ დავის საგანი ხდება. წერილში, რომელიც 19 ნოემბრით თარიღდება და რომელიც ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა, ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ავალებს, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა გაუწიოს. წერილში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით.

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო, თუ მათ უკვე იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ - სწორედ ესაა ამ თემაზე დავის საგანი.  

"მე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან. თუმცა ვვარაუდობ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად, იმიტომ, რომ მხარეს, ამ შემთხვევაში მხარეს - სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ იცოდნენ საბოლოოდ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას," - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და გამოქვეყნებამდე ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალში გადაყვანა დაასწრეს და საკუთარ გადაწყვეტილებად გაასაღეს:

"მოთხოვნა შევიდა უკვე იმავე საღამოს, როდესც მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ვიდრე იუსტიციის სამინისტრო შეთავაზებას გააჟღერებდა გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, მათთვის ეს ინფორმაცია ბუნებრივია ცნობილი უნდა ყოფილიყო, სასამართლოში მოთხოვნა უკვე შესული იყო. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და დაკმაყოფილდა კიდეც, რამდენადაც ეყრდნობოდა სახალხო დამცველთან შექმნილ კონსილიუმის დასკვნას, რომელიც ჯერ კიდევ 17 ნოემბერს იყო გაცემული,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები