28 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოდან წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის "დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა", ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.

"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია.

"მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილით, ძალაში დარჩა მოწოდება, სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასევე უზრუნველყოფილიყო მისი მკურნალობა 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით. აღნიშნული წერილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა.

დღის ამბები