28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ევროპაში ვირუსის შემთხვევები იზრდება, საზოგადოების ნაწილი კი კოვიდრეგულაციების წინააღმდეგია

რთული ეპიდვითარების გამო, ევროპაში ახალი რეგულაციები წესდება, საზოგადოება კი ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ პროტესტს გამოხატავს. სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია ბელგიასა და ნიდერლანდებში.

ბელგიაში დემონსტრანტებმა სამართამდამცველებს ფოიერვერკები ესროლეს, აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის რამდენიმე მონაწილე კი დააკავეს.

დემონსტრანტების დაკავებით დასრულდა სამართალდამცველებთან დაპირისპირება ნიდერლანდებშიც. აქციის მონაწილეებმა ავტომობილები დალეწეს და ცეცხლი წაუკიდეს. როტერდამში ძალადობრივი დაპირისპირების გამო საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა.

რამდენიმე დღის წინ კოვიდრეგულაციები გააპროტესტეს ავსტრიაშიც, თუმცა ახალი შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით ძალაში დღეიდან მაინც შევიდა.

ხელისუფლება საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, გარეთ გასვლის ნებართვა კი მოსახლეობას მხოლოდ საკვების საყიდლად ან სამსახურში წასასვლელად აქვს. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა ობიექტი რომელიც აუცილებელი საჭიროებისთვის არ არის განკუთვნილი. შეზღუდვები 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კვლავ რთული ვითარებაა გერმანიაში. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას კოვიდ პაციენტების რაოდენობასთან გამკლავება უჭირს და ინფიცირებულების სხვა რეგიონებში ან მეზობელ სახელმწიფოებში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ. ადგილობრივი ხელისუფლება ლოქდაუნის დაწესებასთან ერთად ახლა უკვე სავალდებულო ვაქცინაციის საკითხსაც განიხილავს.

აცრა გარკვეული კატეგორიებისთვის უკვე სავალდებულო გახდა უზბეკეთში. აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში 26 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მიზეზი აცრილის სტატუსის არქონაა. ახალი წესის მიხედვით დამსაქმებლებს უფლება აქვთ სამსახურიდან გაათავისუფლონ ის თანამშრომლები, რომლებიც იმუნიზაციაზე უარს აცხადებენ. შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობენ ირლანდიაშიც. ქვეყნის ხელისუფლება რეგულაციების დაწესებას ადგილობრივ ბიზნესზე და ტურიზმის სფეროზე გეგმავს.

საფრანგეთი კი კორონავირუსის მეხუთე ტალღის ზღვარზეა. ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდული სისწრაფით იზრდება. დღევანდელი მდგომარეობით საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვის ყოველკვირეული ზრდა, თითქმის, 80%-ს აღწევს. როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში აღნიშნავენ რევაქცინაციის პროცესი მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით საფრანგეთში ნელი ტემპით მიმდინარეობს.

დღის ამბები