საშობაო აღლუმი შერთებულ შტატებში ტრაგედიით დასრულდა. სამართალდამცველებმა საღამოსვე განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ერთი პირი დაკავებულია, თუმცა მათ მაშინვე არ უთქვამთ, იყო თუ არა ეს მანქანის მძღოლი, რომელმაც საშობაო აღლუმზე მოქალაქეებს გადაუარა. ძალოვანებს ოფიციალურად არც ის უთქვამთ, ჰქონდა თუ არა შემთხვევას კავშირი საერთაშორისო ტერორიზმთან. თუმცა ადგილობრივ მედიაში ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ მანქანის მძღოლი, შესაძლოა, სხვა უკანონო ქმედების მონაწილე იყო და გაქცევას ცდილობდა.
ამერიკაში დაღუპულებს გლოვობენ. ვისკონსინის ქალაქ უაქეშაში ამ დრომდე გადაკეტილია ქუჩები და დახურულია სკოლები. შემთხვევას, როდესაც საშობაო აღლუმზე, ხალხით სავსე ქუჩაში ავტომანქანა შევარდა, 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 40 მოქალაქე - მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები.
ქალაქის ადმინისტრაციამ გარდაცვლილთა რაოდენობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, რადგან დამატებითი ინფორმაციის მიღება გრძელდება.