28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
რა სასჯელი ელოდა სააკაშვილს, თუ მისივე მმართველობის დროს შექმნილი სისხლის სამართლის კანონით გასამართლდებოდა - განსხვავება, რომელიც პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა

"ქართული ოცნება" ექსპრეზიდენტის მომხრეების ბრალდებას სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ სამართლებრივ მოპყრობასთან დაკავშირებით ასე პასუხობს: - "დღევანდელი სამართლებრივი მიდგომა სააკაშვილის მიმართ არის მართლაც კურორტი იმასთან შედარებით, რაც მის დროს არსებობდა".

მმართველ გუნდში "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ შეკრებითობის პრინციპს ახსენებენ. უმრავლესობის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ მის მიერვე შექმნილი კანონით გაესამართლებინათ, პატიმრობის ვადა ორ ათეულზე მეტი წლით განისაზღვრებოდა.

დამტკიცებული დანაშაულების შეკრებითობის პრინციპი რომ არაჰუმანური აქტი იყო, ამას არც "ნაციონალურ მოძრაობაში" უარყოფენ. თუმცა, რატომ არ შეცვალეს ეს სამართლებრივი ნორმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამაზე საუბარი არ სურთ.

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს არსებულ მიდგომებთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია. ნაწილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ კანონმდებლობის ჰუმანურად შეცვლის მიუხედავად, სასამართლო სისტემა უცვლელი დარჩა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი სასჯელის შეკრებითობის გაუქმების გამო, პოზიტიურად სარგებლობს.

კოლეგებისგან რადიკალურად განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ არც შეკრებითობის და არც შთანთქმის პრინციპი ექსპრეზიდენტის მიმართ ადეკვატური მიდგომა არ იქნებოდა.

თეა წულუკიანი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის დროს, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა ამბობს, შეკრებითობა წინა ხელისუფლების სადამსჯელო მექანიზმს წარმოადგენდა. ცვლილებებმა კი, ათასობით პატიმარს რეაბილიტაციის შესაძლებლობა მისცა.

სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან შეკრებითობის პრინციპი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნა ამოღებული. არსებული ნორმით, პირს რამდენიმე ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულის მსჯავრი განესაზღვრება.

დღის ამბები