28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
მთავრობა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებას აპირებს - რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას, რომელიც ინიციატივას აკრიტიკებს

32 წლის თამუნა ხარატიძე, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, დასთან და მცირეწლოვნებთან ერთად ცხოვრობს. სამსახურს დიდი ხანია ეძებს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. ახლა უკვე იმის მოლოდინშია, როდის შეიქმნება ახალი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირები ბევრად მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ იმუშავებენ, ვიდრე სოციალური დახმარების თანხაა. პრემიერის ინიციატივა 200 ათასზე მეტ შრომისუნარიან სოციალური სტატუსით მოსარგებლე ადამიანს ეხება.

ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა შექმნის ახალ პროგრამას და იმ პირობებს, რომლითაც სოციალურად დაუცველებისთვის დამაბრკოლებელი ბარიერები აღარ იარსებებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი მიზანია ქვეყანას ჰყავდეს მეტი დასაქმებული და ნაკლები ღარიბი ადამიანი.

ახალ პროგრამაზე დამატებითი განმარტებები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ვიცე- პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც კონკრეტულ გეგმას დასახავს. სამოქმედო გეგმის გაწერის ვადებზე საუბრობენ ჯანდაცვის უწყებაშიც.

ინიციატივას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მათ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი სტატუსის მქონე პირები ხელისუფლებას ამ დრომდე უნდა გახსენებოდა. მმართველ გუნდში კი ამბობენ რომ პროგრამა მოქალაქეებს მისცემს საშუალებას მეტი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს.

ინიციატივას აფასებენ ექსპერტები. ამბობენ რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები ხშირ შემთხვევაში სამსახურს არ ეძებდნენ რადგან გარანტირებული შემწეობა მათთვის უფრო მეტს ნიშნავდა.

პროგრამა, რომელიც შემწეობის მქონე პირების დასაქმებას გულისხმობს, იანვრიდან ამოქმედდება. მანამდე კი სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელებს, თუ როგორ მოხდება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა.

დღის ამბები