28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
"სააკაშვილს რომ იმ სტანდარტით მივდგომოდით, რაც 2012 წლამდე იყო, ახლა 25-30 წელი ექნებოდა მისჯილი" - "ოცნებაში" ოპოზიციის კრიტიკას პასუხობენ

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კრიტიკის პასუხად, "ქართული ოცნება" შეკრებითობის პრინციპზე საუბრობს. პარტიის ლიდერები ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს ახსენებენ კანონს, რომლის მიხედვით, სასჯელი განისაზღვრებოდა ჩადენილი დანაშაულებების ჯამით და არა შთანთქმის პრინციპით.

"სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, ხოლო რამდენიმეზე - ბრალდებული და მიმდინარეობს სამართალწარმოება. უკვე რაზეც არის მსჯავრდებული, აქაც თუ მას მივუდგებოდით 2012 წლამდე, თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის სტანდარტით, მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური სასჯელი არა 6, არამედ 25-30 წელი. აი, ესაა განსხვავება,"- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

სწორედ ეს წესი მოაქვს მაგალითად მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს დავით მათიკაშვილსაც, როდესაც 2012 წლამდე არსებულ არაჰუმანურ ვითარებაზე საუბრობს. 

"სწორედ იმ წესიდან გამომდინარე, რომ შეკრებითობა გაუქმდა, ეს საშინლად არაჰუმანური და ადამიანის უფლებების შემლახავი წესი, სწორედ შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, წლები არის ბევრად ნაკლები იმ დანაშაულებისთვის, არც მან ჩაიდინა. აქედან გამომდინარეობს შემდეგი, რომ ჰუმანური მოპყრობა სწორედ 2012 წლის შემდეგ არის ჩვენს ქვეყანაში, ხოლო 2012 წლამდე არსებული წესებით ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა,"-აცხადებს მათიკაშვილი

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, მიუხედავად იმისა, შეკრებითობის პრინციპი მოქმედებს თუ არა. 

"მნიშვნელოვანია, გვესმოდეს რას ნიშნავს პოლიტიკური მართლმსაჯულება. შეკრებითობის პრინციპს ნამდვილად არ ვემხრობი. სანამ პოლიტიკური მართლმსაჯულება იქნება ამ ქვეყანაში და ეს მართლმსაჯულება იქნება, სანამ არის ეს ხელისუფლება, მანამდე არავითარ ობიექტურ მართლმსაჯულებაზე არ იქნება საუბარი, როგორი პრინციპითაც არ უნდა იყოს ის,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. 

"მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი კი ადასტურებს, რომ თანამედროვე კანონმდებლობა სააკაშვილს მდგომარეობას უმსუბუქებს. 

"სააკაშვილს რომ დახვედროდა იგივე კანონმდებლობა, რაც მისი მმართველობის პერიოდში ჰქონდა მიღებული, ბევრად უფრო დიდი სასჯელი იქნებოდა მის მიმართ განსაზღვრული. რა თქმა უნდა, ის მიდგომა, რაც არის დღეს საკანონმდებლო დონეზე სასჯელთა დანიშვნის და შეკრებითობის აკრძალვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მას უმსუბუქებს მდგომარეობას,"-აცხადებს ლევან იოსელიანი. 

დღის ამბები