"კორონავირუსით ინფიცირების დონე მსოფლიოში 2022 წლის ზაფხულისთვის საგრძნობლად დაიკლებს" - ბილ გეიტსმა COVID-19-ის პანდემიის დასასრული იწინასწარმეტყველა.
კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ამის შესახებ სინგაპურში, მაიკლ ბლუმბერგის "ახალ ეკონომიკურ ფორუმზე" განაცხადა.
ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ მასობრივი ვაქცინაციისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოების მეშვეობით, ასევე მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნური დაცვის ფორმირების ხარჯზე, მომავალი წლის ზაფხულისთვის პანდემია ნელ-ნელა დაიკლებს.
სიკვდილიანობის და ინფიცირების დონე მკვეთრად შემცირდება და სეზონური გრიპის მაჩვენებლებს გაუტოლდება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უფრო საფრთხის შემცველი შტამების აღმოჩენა თავიდან იქნება აცილებული.
ბიზნესმენმა ყველა რეგიონში ვაქცინაციის მიწოდების პრობლემის სწრაფად მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ გრიპის ვირუსს, რომელიც შესაძლოა ახალი პანდემიის გავრცელების მიზეზი გახდეს.
"მომავალში ბევრი ახალი სხვადასხვა პანდემიაც სავსებით მოსალოდნელია" - ამბობს ბილ გეიტსი. ბიზნესმენი არა მხოლოდ ბუნებრივ პანდემიაზე, არამედ ბიოტერორისტების არსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ბილ გეიტსის განცხადებით, მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდება მხოლოდ იმ ტექნოლოგიების დაფინანსების შედეგად შეიძლება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ვაქცინის წარმოების მასშტაბების გაზრდას და მათზე ფასის შემცირებას.