28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
"წარმოადგენს თუ არა საქართველო შემდეგ სამიზნეს რუსეთის შავი ზღვის სტრატეგიაში?" - The National Interest

"წარმოადგენს თუ არა საქართველო შემდეგ სამიზნეს რუსეთის შავი ზღვის სტრატეგიაში? მოსკოვი მოწადინებულია აღმოფხვრას საქართველოში დასავლეთის ყოფნის საკითხი, რის გამოც, ვაშინგტონს მართებს თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება" - აღნიშნული სათაურით სტატიას ქამრან ბოხარის ავტორობით ​The National Interest-ი აქვეყნებს

"როგორც ეს უკრაინაში კრემლის აგრესიული ქცევიდან/ქმედებებიდან ჩანს, რუსეთის მასიური სამხედრო ძალა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოებაზე. თუმცა, რუსეთი არ აპირებს ერთ ადგილზე გაჩერებას და ის ძალისხმევას არ იშურებს საქართველოში დასავლური ჩართულობის აღმოსაფხვრელად. ამის გამო, ვაშინგტონს მართებს თბილისთან, როგორც ტრანსკავკასიური უსაფრთხოების დასავლური არქიტექტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან კვანძთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება.

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების რუტინული სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის მე-6 სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი "მაუნთ უიტნი" (USS Mount Whitney) შავ ზღვაში შემოვიდა, სადაც ის დაჯგუფდა სარაკეტო გამანადგურებელ "პორტერთან" (USS Porter), აშშ-ის საჰაერო ძალების F-15E ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებთან და აშშ-ის საზღვაო ძალების P-8A ტიპის წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო სადაზვერვო თვითმფრინავებთან.

რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 2 ნოემბერს, შავ ზღვაში მტრული ხომალდის განადგურების ინსცენირების მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში განაცხადეს, რომ "ბალ-ისა" და "ბასტიონი-ს" ტიპის სანაპირო ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსების გამოყენებით გამართეს წვრთნები, რომლებიც მოიცავდა აღნიშნული სისტემის სიმულაციურ საბრძოლო გაშვებას ყირიმში არსებული შენიღბული პოზიციებიდან. დღით ადრე კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის შემდგომი გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, რუსეთის სახელმწიფო საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს თვითმფრინავებისა და გემებისა გახშირებული გადაადგილების ფონზე. 

აშშ-ის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ საფუძველშივე უნდა ითვალისწინებდეს რუსულ იმპერატივებს და შეზღუდვებს. აღნიშნული რეგიონი მოსკოვისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ამ საზღვაო გზით რუსული პურის ხორბლისა და ნავთობის ექსპორტი უერთდება საერთაშორისო საზღვაო-სატვირთო მიმოსვლის მარშრუტს. ამავდროულად, რეგიონი შემოსაზღვრულია იმ სანაპირო ხაზით, რომელსაც რუსეთი მე-18 საუკუნიდან იყენებს საკუთარი გავლენის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე პროეცირებისათვის.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, რუსები აგრესიულად ასუსტებდნენ დასავლეთის მიერ შექმნილი უსაფრთხოების მექანიზმებს, რაც თვალნათლივ დაფიქსირდა 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრით. ახლახან, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ესაუბრა პუტინს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ზრდით გამოწვეულ აშშ-ის შეშფოთებაზე. მოსკოვმა იცის, რომ ვაშინგტონი მუდმივ რეჟიმში აკვირდება მისი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოსკოვი იმ სივრცეებში იმოქმედებს, საითკენაც ვაშინგტონის ყურადღება მიპყრობილი არ იქნება.

ყოველივე ზემოხსენებულის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა აღიქვან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი. 2014 წლის თებერვლის ამბოხებამ უკრაინის სათავეში პროდასავლური რეჟიმი მოიყვანა, რუსეთს კი კონტროლქვეშ შერჩა ქვეყნის აღმოსავლეთის და ყირიმის უდიდესი ნაწილები. ამის მიუხედავად, რუსეთს არ სურს შავ ზღვის სანაპირო ზოლზე ესკალაციის გამოწვევა, რათა არ აწყენინოს თურქეთს, რომელიც, თავის მხრივ, მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს თავისი ბოლოდროინდელი, აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ცალმხრივი ქმედებებით.

აღნიშნული კონფიგურაციის გათვალისწინებით, საქართველო რჩება რეგიონის ერთადერთ სახელმწიფოდ, სადაც კრემლს შეუძლია ესკალაციის მოხდენა. შავი ზღვის რეგიონის იმ 5 სახელმწიფოდან, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებიან, საქართველო ერთადერთია, რომლის ჩრდილოეთის ფლანგი საგრძნობლად მოშიშვლებულია კრემლის მხრიდან შესაძლო დარტყმის თვალსაზრისით. 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, რუსეთი ახერხებდა, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციით, დაებრკოლებინა საქართველოსა და დასავლეთის სტაბილური მოკავშირეობა.

ყოველივე ამის ფონზე,  შეერთებულმა შტატებმა უნდა მოახდინოს შავი ზღვის აუზზე ყურადღების კონცენტრირება, ჩინეთისკენ მიმართული მისი სტრატეგიული მიდგომების გადაწყობის მიუხედავად. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში, კრემლმა ეს პერიოდი საქართველოზე იერიშის მისატანად გამოიყენა. მოსკოვი დიდი ალბათობით ახლაც სათავისოდ გამოიყენებს აშშ-ის მხრიდან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონის ფოკუსში მოქცევისკენ მიმართულ აშშ-ის ძალისხმევას.

საქართველო ძალზე მოწყვლადია რუსეთისგან მომდინარე როგორც სამხედრო ხასიათის წნეხის, ისე სხვა, უფრო შეფარული მავნე ზეგავლენის მიმართ. აშშ-ის საჯარო წყაროების თანახმად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ბოლოდროინდელი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. კრემლის ძალისხმევის მიუხედავად, 30 ოქტომბერს საქართველომ წარმატებით ჩაატარა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რაც, საერთო ჯამში, წარმოადგენდა ქვეყანაში თავისუფალ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებულ, რიგით მე-7 არჩევნებს, რომლებიც 300-ზე მეტი საერთაშორისო სადამკვირვებლო  ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს როგორც კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტული.

2019 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მყოფი პარტია "ქართული ოცნების" ლიდერობით მოხდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელება, რომლებიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო მოყვანილი.

საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების ორივე ტურის შედეგად, ქვეყანაში მოქმედებს მის ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო. ზრდადი პოლიტიკური პოლარიზებისა და პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მივიდა საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გასაკეთებლად. ქვეყანაში არსებული ფართო პოლიტიკური სპექტრის სიმპათიები არჩევნების შედეგებში ნათლად აისახა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ არჩევნები 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში საერთო ხმების რაოდენობის 46.65%-ით მოიგო. მეორე შედეგი აჩვენა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 30.5%-ით, ხოლო მესამე შედეგი კი დადო გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის", რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 7.8% ხვდა წილად.

არჩევნების შედეგების სერტიფიცირების შემდეგ, ქვეყნის ლიდერებმა მიმართეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი ეცათ მოსახლეობის არჩევანისა და საარჩევნო პროცესისათვის და შეემცირებინათ პარტიული/პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მუდმივ პრობლემას გასდევს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული არჩევნები სწორი გეზით მიმართავს ქვეყანას, განაგრძოს ევრო-ატლანტიკური მომავლისაკენ სვლა, ხოლო 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

მაშინ, როდესაც რუსეთი ჩართულია კომპლექსურ საინფორმაციო კამპანიებსა და ოპერაციებში, რომლებიც მიზნად ისახავენ დემოკრატიების დემორალიზებას/ჩამოშლას, შეერთებული შტატები ვალდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს. ზუსტად ასეთი სახის მოწოდებები გაჟღერდა 27 ოქტომბერს, შავი ზღვის უსაფრთხოების თემის გარშემო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორგანიზებულ მოსმენაზე, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა (უკრაინის პარალელურად) საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით ალიანსის ჩართულობისა და დახმარების მნიშვნელობა.

უფრო მეტიც, სამი კვირის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნის პროცესს. ცალკე უნდა აღინიშნოს ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველომ ითამაშა ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევის ფარგლებში, სადაც ქვეყანამ დახმარება გაუწია აშშ-ს ავღანეთიდან მოწყვლადი კონტინგენტის/უცხოელი სამოქალაქო პირების რეპატრიაციას და ავღანეთის მოქალაქეებისათვის უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფას. საქართველო ასევე დამსახურებულად მიიღებს მონაწილეობას 8-9 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიების სამიტში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდება. რუსეთი აკვირდება აშშ-ის მიერ დემოკრატიის წახალისების ხელშეწყობას და ამ პროცესს ერთდროულად, ერთის მხრივ საფრთხედ, ხოლო მეორეს მხრივ კი შესაძლებლობად აღიქვამს. აღნიშნულ კონტექსტში კი არსად ეს ისე მნიშვნელოვნად არ წარმოჩინდება როგორც საქართველოს მიმართ.

2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი გამუდმებით ცდილობს, გაიუმჯობესოს საკუთარი რენომე და თავი ზესახელმწიფოდ წარმოაჩინოს. როგორც ჯორჯ ფრიდმანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, მოსკოვი საკუთარ „ახლო სამეზობლოში“ ნერგავდა იმის აღქმას, რომ აშშ-ის მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელო ღირებულების მატარებელია. ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გამოყვანის კატასტროფულმა პროცესმა მხოლოდ გააღვივა ასეთი ნარატივები და მღელვარება. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს რუსეთს საშუალება, კრემლმა ავღანეთის ტრაგედია სათავისოდ გამოიყენოს და შეურყიოს აშშ-ს ნდობის ხარისხი სტრატეგიული კონკურენციის რეგიონებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. ამას კი სჭირდება თბილისსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ჩვენს მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დგომა," - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები