28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"მოქალაქეები შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას, 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს" - პრემიერი ახალ სოციალურ პოლიტიკაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა შექმნის ახალ პროგრამას და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებს.

მისივე თქმით, აქვს იდეა, ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში წარმოადგენს ახალ სოციალურ ხედვას.

"მინდა, დავიწყო სოციალური პოლიტიკით. მოგეხსენებათ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები.

ამ მიზნით, მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან. მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ჩვენ უახლოეს დღეებში, რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას თუ როგორ უნდა შეცვალოთ მანკიერი სისტემა ახალი გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითოეული ქალაქისთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე გვაქვს დაწყებული მუშაობა გუნდის წევრებთან ერთად, მთავრობის წევრებთან ერთად. მჯერა, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებული არის, რომ ეს არის სწორი ხედვა.

ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმედობას და ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არის მოტივირებული სამუშაო ადგილის მოსაძებნად, დასაწყებად. ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს, შემდეგ ქულები აკლდებათ და კარგავენ სოციალურ დახმარებას.

სეზონურ სოციალურ სამუშაოები თუ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი, არ არიან დაინტერესებული, რომ დასაქმდნენ ამავდროულად სხვა საქმითაც  და დამატებითი შემოსავლი მიიღონ. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთი მხრივ, სულ მცირე ის დახმარება რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო.

მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება, ორი-სამი სამუშაო იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში, იყიდონ მაცივარიც, ტელევიზორიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლებიც იყიდონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან უკვე დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, შეცვლის მთლიანად რეალობას და რეალურად ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ, მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ პერსპექტივას, განცდას, რომ დასაქმდნენ რეალური შრომით, რეალური საქმით. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მათ ყველას სურთ სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის მათ პირობებს, ეს არის მათთვის დამაბრკოლებელი პირობები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



დღის ამბები