28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"ამ ეტაპამდე, გართულება არ ჰქონია, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიც კია" - რას ამბობენ კონსილიუმის წევრები ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, რომელმაც 50 დღე იშიმშილა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ექიმებმა  მენიუ და სპეციალური კვების გრაფიკი შეადგინეს. 

ექიმთა კონსილიუმის წევრის, ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ გართულებულა და დღეს მას წნევაც სტაბილური ჰქონდა. 

"დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, ისე, რომ არცერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. ყველაზე მეტად გვეშინოდა პირველი 3 დღის. ახლა გართულებები ნამდვილად არ აქვს. გუშინაც მე თვითონ მოვისმინე, ბატონმა ნიკოლოზმა თქვა, რომ არ აქვს გართულებები. ამიტომაც ვართ აქ მთელი დღე, ვაკვირდებით, რომ არანაირი გართულება არ მივიღოთ,"-აცხადებს ელენე გიორგაძე. 

კონსილიუმის კიდევ ერთი წევრის, ინეზა სულამანიძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულიც კია. 

"არანაირი გართულება ამ ორი დღის განმავლობაში არ ყოფილა. რასაკვირველია, დაკვირვება გრძელდება უშუალოდ ქალბატონი ელენეს მეთვალყურეობით. ის აკონტროლებს ყველა ულუფას საათობრივად, შემადგენლობას, დამზადების ტექნოლოგიას და ა.შ. რამდენიმე დღე, რასაკვირველია, საყურადღებოა, მაგრამ, შეგვიძლია დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე მას გართულება არ ჰქონია და შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიც არის,"- აცხადებს ინეზა სულამანიძე. 

დღის ამბები