28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
რა არის გაუპატიურება და როგორ შეიძლება შეიცვალოს კანონი - რატომ არ კვალიფიცირდება მსგავსი ქმედება მძიმე დანაშაულად

რა არის გაუპატიურება? აუცილებელია თუ არა ფიზიკური ძალადობა იმისთვის, რომ ინციდენტი გაუპატიურებად შეფასდეს? ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი ამ საკითხზე მაშინ შეთანხმდა, როდესაც სტამბოლის კონვენციას შეუერთდა და მისი რატიფიცირება მოახდინა - მათ შორის არის საქართველოც.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მასთან სრულ თანხვედრაში მაინც არ არის: სტამბოლის კონვენცია, გაუპატიურების დეფინიციისთვის ამოსავალ წერტილად იღებს თანხმობის არარსებობის კომპონენტს, ხოლო ქართული კანონმდებლობით, ამოსავალი წერტილი ძალადობა ან ძალადობის მუქარაა.

"სახალხო დამცველის" კვლევაში ვკითხულობთ, რომ ამ შეუსაბამობის გამო, 137-ე მუხლის ნაცვლად (გაუპატიურება) ხშირად, გაუპატიურების გარკვეული ფორმები კლასიფიცირდება 139-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულად (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება), რაც არ წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და არაპროპორციულად მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს (ჯარიმა და პირობითი მსჯავრი).

კვლევაში მოყვანილია მაგალითი, როდესაც გამოძიებამ სხვადასხვა მტკიცებულებებით დაადგინა, რომ დაზარალებული მოძალადეს, რომელთანაც იგი სტაჟიორად მუშაობდა, არაერთხელ, "ხმამაღალი ინტონაციით და ტირილნარევი ხმით" ეუბნება უარს სქესობრივი აქტის დამყარების მცდელობაზე. მიუხედავად თანხმობის არარსებობის ფაქტობრივი დადასტურებისა, პროკურორმა დანაშაულის ნიშნები არ დაადგინა.

"ვინაიდან [მსხვერპლს] ეცვა მოკლე შორტი, [სავარაუდო მოძალადეც] ეფერებოდა მას"; მსხვერპლს "ფიზიკური ზიანი არ მისდგომია," "ფიზიკურ წინააღმდეგობას არ წევდა", "ყვირილი არ აუტეხავს და საშველად არავისთვის მოუხმია".

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა სრულიად უგულებელყოფს ისეთ უმწეო მდგომარეობას, რაც გამოწვეულია, მაგალითად, შიშით თუ ძლიერი სტრესული მდგომარეობით.

ფსიქოლოგი სოფიო ტაბაღუა "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხშირად, როდესაც მსხვერპლს უჩნდება განცდა, რომ სათანადოდ ვერ უპასუხებს მოძალადეს, ინსტინქტურად ემორჩილება მას და ეს არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც გააზრებული თანხმობა. 

"სექსუალურ ძალადობას, როგორც ტრავმულ გამოცდილებას ისე განვიხილავთ. როდესაც ამ გამოცდილებას არ განვიხილავთ როგორც ტრავმას, გვიჩნდება კითხვები - რატომ მაშინვე არ განაცხადა, რატომ რამდენიმე თვის მერე, რატომ არ გაუწია წინააღმდეგობა, როდესაც ეს ინციდენტი ხდებოდა და ეს კითხვები არის არამხოლოდ ახლობლებისგან, ძალადობის მსხვერპლი ამას აწყდება პოლიციაში დაკითხვის დროს და სასამართლოზე. ამ კითხვების გასაფანტად გვეხმარება გავიხსენოთ, რომ, ხშირად, ადამიანი და არამარტო ადამიანი, არამედ ცხოველიც, ასე პასუხობს მწვავე სტრესულ ზემოქმედებას. ჩვენ ვცდილობთ, დავაღწიოთ სტრესს თავი და ეს ძველი, ევოლუციური, თავდაცვითი პასუხია.

ასეთი ინციდენტისას, რეაქციები რამდენიმე სახისაა: ბრძოლის, გაქცევის და გაყინვის რეაქციები. არის ასეთი რთული პასუხი - დამორჩილების და სიკვდილის გათამაშების რეაქციაც. ყველა ეს რეაქცია სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირია.

თუ მსხვერპლს გაუჩნდა განცდა, რომ ვერ უპასუხებს მოძალადეს, ვერ იცავს თავს, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია გადადის დამორჩილების ენერგიაში.

ძალიან დიდი შანსია, ამ დროს ადამიანმა ვერ დაიყვიროს, ხმა ვერ გამოუშვას, იმდენად სისუსტე იგრძნოს სხეულში, რომ კიდურებიც ვერ გაამოძრაოს, გაშეშდეს. ეს ჩვენი ავტომატური, სომატური პასუხებია და როგორ შეიძლება ის განვიხილოთ, როგორც სურვილი დამორჩილებისა?! ეს სურვილი არ არის. რაც უფრო მაღალია სტრესი, ჩვენი რეაქციების კასკადი, რომლითაც ჩვენი სხეული და ფსიქიკა წინააღმდეგობას უწევს და იბრძვის გადარჩენისთვის, მით უფრო მეტად ვარდება უსუსურობის მდგომარეობაში,"- ყვება ფსიქოლოგი სოფიო ტაბაღუა "რუსთავი 2"-თან საუბრისას. 

აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად კავშირმა "საფარმა" საკანონმდებლო ცვლილებაზე იმუშავა, რომელსაც ფართო საზოგადოებას 25 ნოემბერს წარუდგენს. ორგანიზაციის დირექტორი ბაია პატარაია იმედოვნებს, რომ კანონპროექტს პარლამენტში ლობირებას გაუწევენ და ამ მიმართულებით სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობა საბოლოოდ აღმოიფხვრება. 

"გაუპატიურების მუხლი არ შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს, არის ჩამორჩენილი და აქვს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი დეფინიცია, სადაც ფიზიკური ძალადობისა და იძულების გამოყენება არის აუცილებელი გაუპატიურებისთვის, მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გაუპატიურებად ითვლება ისეთი აქტი, სადაც ერთი პირი თანახმა არ იყო სქესობრივ აქტზე, ანუ, მთავარი კომპონენტი არის თანხმობის არარსებობა, ჩვენთან კი მთავარი კომპონენტი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ან იძულება.

სექსუალური დანაშაულების თავში სხვა ცვლილებების განხორციელებაც მოგვიწევს, როდესაც გაუპატიურების მუხლს შევცვლით, 139-ე მუხლი უნდა გაუქმდეს და სხვა ტიპის, უფრო პატარა ცვლილებებიც საჭიროა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიცხადებია, საერთაშორისო რეკომენდაციებიც არსებობს და ვფიქრობ, დროა კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებით მივმართოთ პარლამენტს,"- აცხადებს ბაია პატარაია.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა დადგინდეს გაუპატიურების ფაქტი, როდესაც არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, გარდა მსხვერპლის ჩვენებისა, ბაია პატარაია პასუხობს, რომ ეს უნდა მოხდეს გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით, სავარაუდო მსხვერპლისა და მოძალადის ჩვენებების საფუძველზე. 

"მსხვერპლს არანაირი მტკიცებულების წარდგენა არ ევალება - ბრალდებას ახორციელებს პროკურორი. ასეთი დანაშაულების დროს, როგორც წესი, მოწმეები ან ვიდეო-აუდიო ჩანაწერი იშვიათად მოიპოვება, მთავარია, დაზარალებულის და დამნაშავის ჩვენებები და გამოძიება უნდა წარიმართოს ხოლმე კონტექსტის გათვალისწინებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რა გარემოებებშიც განხორციელდა დანაშაული. ასე მუშაობს უამრავი ქვეყნის პროკურატურა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე,"- აცხადებს ბაია პატარაია.

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ 25 ნოემბერს, კონფერენციაზე სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოწვეულები იქნებიან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

რა წერია სტამბოლის კონვენციაში

სტამბოლის კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს კანონმდებლობა სექსუალური ძალადობის დანაშაულების, მათ შორის გაუპატიურების, შემდეგი სახის დეფინიციას უნდა ითვალისწინებდეს (მუხლი 36):

ა) სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით;

ბ) ადამიანთან, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება;

გ) სხვა ადამიანის იძულება, მისი თანხმობის გარეშე, მესამე პირთან განახორციელოს სექსუალური ხასიათის ქმედება. ამავე მუხლის მიხედვით, თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პირის ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით.

რა წერია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, გაუპატიურება განისაზღვრება, როგორც "პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით."

ქართული კანონმდებლობით, ძალადობა არის გაუპატიურების დეფინიციის  ნაწილი და არა დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. ძალადობის მუქარა შეზღუდულად განიმარტება (როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მყისიერი მუქარა, რომელმაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის შესრულების საფუძვლიანი შიში) და არ მოიცავს მუქარის სხვა ფორმებს, რომლითაც, შესაძლოა, მოხდეს მსხვერპლის ნების პარალიზება. შესაბამისად, ამგვარად ჩადენილი დანაშაული არ კვალიფიცირდება გაუპატიურებად, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. 

შეზღუდულია დაზარალებულის უმწეობის გამოყების ინტერპრეტაციაც - იგი არ აღიქმება მსხვერპლის ნების დამთრგუნველ გარემოებად, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს. უმწეო მდგომარეობა განიმარტება მსხვერპლის ისეთ მდგომარეობად, რომელიც, სხვადასხვა მიზეზის გამო (ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა, ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და სხვ.), ხელს უშლის მსხვერპლს, გააცნობიეროს იმ ქმედებების მნიშვნელობა, რომლებსაც ის ექვემდებარება და მოკლებულია შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მიზეზებს, რომელთა გამოც, შესაძლოა, დაზარალებულმა ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, მსხვერპლის შიშით, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უფრო მეტი ზიანი მიადგება, ან, თუ მსხვერპლი პარალიზებული ან იზოლირებული იყო.

 

დღის ამბები