28 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
მთავარანგელოზობა პროტესტის ფონზე - მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ

მარტვილში მთავარანგელოზობა პროტესტის ფონზე აღინიშნა. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯაშვილს, რომელიც საზეიმო წირვას აღავლენდა, ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლი და ჩოხოსნებიც იმყოფებოდნენ.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ლოცულობს განკვეთილებისთვის, თუმცა ეკლესიაში საპროტესტო აქცია არ შეიძლება. 

"ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა. ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ,"- განცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

განკვეთილი სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. 

"ჩვენ გაგდების კი არ გვეშინია, ჩვენ შეგვიძლია დღესაც წავიდეთ და წასვლაზე არ გვაქვს პრობლემა, ჩვენ გვინდა, რომ ღვთის წინაშე ამათ ფარდა ჩამოვხადოთ, სინათლის წყარო გაჩნდეს ამ ადამიანებში, ჩვენი მიზანი ეს არის და ამ დისკომფორტს მას არასდროს მოვუხსნით, სულ დისკომფორტში იქნება ამის გამო,"-აცხადებს მონაზონი დანიელი. 

დღის ამბები