28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
რეგიონებში ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები გრძელდება

ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები გრძელდება. პროგრამამ ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა გაზარდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. რეგიონებში ასეთ შეხვედრებს უკვე რამდენიმე საათია მართავენ. ასევე, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულია იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები. ვაქცინირებული პირები მათი მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ.

ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებაში ჩაერთო მომღერალი ზუკა ხუციშვილიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.

ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებაზე იმყოფება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი. მისი განცხადებით, ასეულმა ვაქცინირებულმა პირმა იუსტიციის სახლის უფასო სერვისებით ისარგებლა.

"ამჯერად იუსტიციის სახლების 450-ზე მეტი სერვისით უფასოდ სარგებლობა ახალქალაქის მოსახლეობას შეეძლება, ვინც აქციის ფარგლებში ერთჯერადად იქნება ვაქცინირებული. საგულისხმოა, რომ დღეს ამ ღონისძიებაში იუსტიციის სახლი სამტრედიაშიც მონაწილეობს. გუშინდელი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობდა გურჯაანსა და მარნეულში, იუსტიციის სახლის უფასო სერვისებით რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ ისარგებლა,"- განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.

დღის ამბები