28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
პარლამენტში დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს - გადაწყვეტილება, მიხელ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობის შემდეგ მიიღეს

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა, რომლებიც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს - გადაწყვეტილება ამის შესახებ მათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ მიიღეს.

დეპუტატების განმარტებით, საკითხი, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, ამ ეტაპისთვის მოიხსნა და შიმშილობას წყვეტენ.

"მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის თანახმა არის გადავიდეს გორის ჰოსპიტალში და ის წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე ის მთავარი სანერვიულო საკითხი და საზრუნავი, რომელიც გვქონდა თითოეულ ჩვენთაგანს, რაზეც ძალიან ვნერვიულობდით, იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას,"- განაცხადეს ერთობლივ ბრიფინგზე დეპუტატებმა.

დღის ამბები