28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდება

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან პარლამენტში მოშიმშილე სხვა დეპუტატები - ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელების თქმით, საბოლოო სიტყვას პატიმარი იტყვის, თუმცა ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება პოზიტიური ფაქტია.

თემაზე კომენტარები გააკეთეს სხვა პოლიტიკოსებმაც. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი  სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი  გლდანის მე-18 დაწესებულებას დატოვებს, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება და მოშიმშილე პოლიტიკოსებიც შიმშილობას შეწყვეტენ.

"აქციებთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. იცით, რომ მე-7 დღე დაიწყო, რაც აქ ვართ და ვშიმშილობთ და ამაზე სხვები გააკეთებენ კომენტარს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

რაც შეეხება "ლელოს", პარტიის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ როგორც კი მოხდება მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, "ლელო" პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს.

"რა თქმა უნდა კრიზისის მიზეზები ბევრია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას და გადაჭრას და ჩვენ ამისთვის პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებთ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, გორის სამხედრო ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია და უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

"ვერანაირ ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ, რომ გორის ჰოსპიტალში იყოს გადაყვანილი. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დათანხმდეს. იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" დაიცავს მის მიერ გაცემულ სიტყვას და არ გამართავს აქციებს იმ ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი," - ამბობს ლევან იოსელიანი.

როგორც "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მდებარეობს იმაში, შესაძლებელია თუ არა საჭიროების შემთხვევაში გორის ჰოსპიტალიდან სწრაფად მოხდეს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა.

"ამ მიმართულებით მივაქცევდი ყველაზე მეტ ყურადღებას. ჩემი აზრით ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურება და მადლობა უნდა ვუთხრათ მათ საქართველოს მოსახლეობამ, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ და დარწმუნებული ვარ - პრეზიდენტმა სააკაშვილმაც და მისმა ოჯახის წევრებმაც," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მთავრობა პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში (გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი) გადაყვანას სთავაზობს. 

დღის ამბები