28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნა პოლიტიკური დისკუსიის საგანია - უმრავლესობა პოლიტიკურ მოტივაციასა და ინტერესებზე საუბრობს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნა დილიდან პოლიტიკური დისკუსიის საგანია - "ქართულმა ოცნებამ" დღეს კონსილიუმს უნდობლობა გამოუცხადა და მიზეზად ომბუდსმენთან ერთად, ექიმების პოლიტიკური მიკერძოება დაასახელა. მათ შორის ისაუბრეს კავშირებზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან. კრიტიკის საგანი იყო დასკვნის შინაარსიც. კერძოდ ის, თუ რატომ დარჩა სპეციალური ჯგუფის შეფასების მიღმა კითხვა, თუ რამდენად შეძლებს შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას ციხის ჰოსპიტალი.

კონსილიუმის შემადგენლობას პოლიტიკურად მიკერძოებული უწოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, კობახიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მედიკოსების შეფასების გათვალისწინებას და არ გამორიცხა მათ შორის, სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობაც.

კობახიძის ამ განცხადებას მოგვიანებით სახალხო დამცველის წერილობითი პასუხიც მოჰყვა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს და წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე თამდასხმის, დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ომბუდსმენის ოფისი საერთაშორისო ორგანიზაციებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადების შესწავლისკენაც მოუწოდებს.

კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდირებულია პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა ვერ აკმაყოფილებს.

დღის ამბები