28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
რატომ არ ასრულებს მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის მოთხოვნას - ევროპული სასამართლოს მორიგ მითითებებს ოპოზიციაში ინტერპრეტაციები მოჰყვა

სტრასბურგის სასამართლო პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვეტოს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ინსტიტუტმა სააკაშვილთან დაკავშირებით რელიზი, უკვე მეორედ, გაავრცელა. სასამართლომ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარებას მოსთხოვა. მიუხედავად სტრასბურგის მოთხოვნისა, ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები შიმშილობის შესაჩერებლად კვლავ სააკაშვილის დათქმის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

სტრასბურგის რეკომენდაციას არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოყვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი საერთაშორისო ინსტიტუტის მოწოდებას ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელ სიგნალს უწოდებს. მეორე ნაწილი კი ექსპრეზიდენტის პროტესტს, მის მხარდასაჭერად მოშიმშილეების სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევს.

რატომ არ ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილი - ეს საკითხი გაუგებარია გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერები პროცესის დასრულების გასაღებს კვლავ მიხეილ სააკაშვილის ხელში ხედავენ. პოლიტიკოსების თქმით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, ციხის საავადმყოფო სარეაბილიტაციო პერიოდის სრულფასოვნად უზრუნველყოფს. მათი თქმით, საუბარი მიხეილ სააკაშვილისთვის არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სპეკულაციაა და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.

გაითვალისწინებს, თუ არა მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციას ჯერჯერობით უცნობია. საერთაშორისო ინსტიტუტს ექსპრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მხარეების არგუმენტები წერილობით 24 ნოემბრამდე გადაეგზავნება.

დღის ამბები