28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შიმშილობის 47-ე დღე - იღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო დახმარებას

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღის ბოლოს განმარტება მისმა ადვოკატმა გააკეთა. ნიკა გვარამიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი დასუსტებულია და მოძრაობა უჭირს. 

რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა დილიდან გაავრცელა. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილიდან იუსტიციის მინისტრის საგანგებო ბრიფინგის ჩატარების მიზეზი გახდა. რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა და დააანონსა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. მინისტრმა ისიც თქვა, რომ შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციისთვის ციხის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი.

იუსტიციის მინისტრის განცხადებებს მალევე მოჰყვა პასუხი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან. მათ მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოება მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულებაში დაცული არ არის და სააკაშვილის სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ალტერნატივა არ აქვს. ამ მოთხოვნით პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის მონახულება დღეს ვერ შეძლო უკრაინის პირველმა უფლებადამცველმა, რომელიც გლდანის ციხესთან დილიდან იყო მისული. პატიმართან შესვლას ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესი რადის კომისარი 4 საათის განმავლობაში ელოდებოდა. ითხოვდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრასაც. რატი ბრეგაძემ კი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით ახსნა და აქცენტი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაცვაზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალში 47-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეცვლის - თუკი შემდგომი რეაბილიტაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

დღის ამბები