28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი კვლავ მის გარეშე წარიმართა - ონლაინ-მონაწილეობაზე ექსპრეზიდენტმა უარი თავად განაცხადა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში კვლავ მის გარეშე წარიმართა, თუმცა, ამჯერად ერთი განსხვავებით. დღევანდელ სხდომაზე ყოფილ პრეზიდენტს მონაწილეობის მიღება დისტანციურად შეეძლო. სასამართლომ შესაბამისი მიმართვა პენიტენციურ სამსახურს 15 ნოემბერს გადაუგზავნა და სააკაშვილის პროცესზე ვერ დასწრების შემთხვევაში, მისი ონლაინ ჩართვა მოითხოვა, რაზეც ექსპრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი.

მიხეილ სააკაშვილის დასწრება-არდასწრების საკითხი დღეს პროცესზე ხმაურის მიზეზი გახდა. სხდომაზე, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდნენ, მოსამართლესა და ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება აცილების საკითხმაც გამოიწვია. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები საქმის პროკურორისა და მოსამართლის საქმიდან ჩამოცილებას ითხოვდნენ.

პროკურორისა და მოსამართლის აცილების შუამდგომლობის მიზეზები სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთანაც განმარტეს.

ადვოკატების არგუმენტაცია საქმის პროკურორისთვის მხოლოდ სპეკულაციაა. ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტს განხილვებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას სასამართლო აძლევს, თავად სააკაშვილს ამ შესაძლებლობის გამოყენება არ სურს. პროკურორმა ამ მოსაზრების დასამტკიცებლად დღევანდელი სხდომის მაგალითი მოიყვანა.

მიხეილ სააკაშვილს გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა. ამ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალდებული კიდევ 4 პირია, მათ შორის, ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

დღის ამბები